+1 (234) 234-2345
menu
person

0:30 AM
თავის დაცვა გველებიგან

საქართველოში გავრცელებულია დაახლოებით ოცდათხუთმეტ სახეობამდე ქვეწარმავალი. მათ სიაში შედის 20-22 სახეობის გველი, დანარჩენი კი სხვადასხვა სახეობის ხვლიკია. საერთოდ, ხვლიკი შხამიანი არ არის. დედამიწის ზურგზე მხოლოდ ორი სახეობის შხამიანი ხვლიკი არსებობს და ისინი ჩრდილოეთ ამერიკაშია გავრცელებული. რაც შეეხება შხამიან გველებს, საქართველოში გავრცელებულია გიურზა. ის ამიერკავკასიაში ყველაზე შხამიანი გველია და რეალურად ყველაზე საშიშიც ადამიანისათვის. შხამიანებს შორის არის აგრეთვე რამდენიმე სახეობის გველგესლა: კავკასიური გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, ველის გველგესლა და სხვა. მათი შხამი სიძლიერით გიურზასას ჩამოუვარდება და ნაკლებად ტოქსიკურია. არადა, შხამის ტიპი - ჰემოლიზური ("ჰემოს" - სისხლი, "ლიზის" - დაშლა) - ორივეს ერთნაირი აქვს. არსებობს კატისებრი გველიც, რომელსაც შხამიანი კბილები პირის სიღრმეში აქვს განლაგებული და მისი სუსტი სპეციფიკური შხამი მხოლოდ ხვლიკებზე მოქმედებს.- პანიკაში ჩავარდნილი ადამიანისათვის გველების ერთმანეთისაგან გარჩევა მართლაც ძნელია. თუმცა იმასაც მოგახსენებთ, რომ გველის დანახვისას პანიკა საჭირო არ არის. საკმარისია, ორი ნაბიჯი უკან ფრთხილად გადადგათ,რომ თქვენ ქვეწარმავლისგან უსაფრთხო მანძილზე აღმოჩნდებით. განმასხვავებელ ნიშნებს რაც შეეხება, შხამიან გველებს - გველგესლებს (გიურზაც გველგესლების ოჯახს მიეკუთვნება) შედარებით უფრო გამოკვეთილი სამკუთხედი თავი აქვთ. თუმცა არსებობს უშხამო გველიც - ნაირფეროვანი მცურავი, რომელსაც ასევე სამკუთხა თავი აქვს და ამიტომ შეიძლება ადამიანს ის შხამიანებში აერიოს. არსებობს კიდევ ერთი რეალურად განმასხვავებელი ნიშანი, რომლითაც გაცილებით უფრო ზუსტად შეიძლება გაარჩიო შხამიანი ქვეწარმავალი უშხამოსგან, თუმცა ამ განმასხვავებელი ნიშნის დასანახად მას თვალებში უნდა ჩახედო (იღიმება). მოკლედ, ჩვენთან - საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ ყველა არაშხამიან გველს აქვს მრგვალი გუგა, შხამიანს კი - ვერტიკალური. ეს არის მკვეთრი განსხვავება მათ შორის, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისათვის ეს განმასხვავებელი ნიშანი პრაქტიკულად არაფრის მომცემია, რადგან ამ ყველაფრის დასანახად ქვეწარმავალი უნდა დაიჭირო და თვალებში ჩახედო. განსხვავება კბენის შემთხვევაშიც შეიძლება. თუ ნაკბენის ადგილზე ორ ნაჩხვლეტს ხედავთ, მაშინ ეს შხამიანი გველის ნაკბენია, მაგრამ, თუ ნაკბენი ნახევარწრედ არის განლაგებული და კბენის ადგილზე ჩანს რამდენიმე - ექვსი, რვა, ათი და ა. შ. ნაჩხვლეტი, როგორც წესი, ეს უშხამო გველის ნამოქმედარია.- ყოველ წელს სიტუაცია ერთი და იგივეა - სითბოს დადგომასთან ერთად პანიკა იწყება. გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში, როცა ადამიანის გველთან კონტაქტის შემთხვევები მატულობს, ვრცელდება ხმები, რომ ქვეწარმავლების რაოდენობამ მოიმატა. სინამდვილეში წლების განმავლობაში სიტუაცია თითქმის ერთნაირია. წელს ივნისი საკმაოდ რთული იყო, - ქალაქში ასი გამოძახება გვქონდა და ორმოცზე მეტი გველი დავიჭირეთ. როგორც წესი, ნაკლებია, მაგრამ მე ამას იმას ვაბრალებ, რომ წელს ძალიან გრილი და, შეიძლება ითქვას, ცივი გაზაფხული იყო.სწრაფი დათბობის გამო ყველა ქვეწარმავალი ერთდროულად გამოვიდა და მათი სიმრავლე უფრო შესამჩნევი გახდა.- იმ მომენტიდან, როცა ადამიანი გველს დაინახავს, ეს უკანასკნელი არანაირ საფრთხეს აღარ წარმოადგენს მისთვის.დაინახე ქვეწარმავალი? ორი ნაბიჯი უკან გადადგი და ისიც თავის გზაზე მშვიდობიანად წავა და შენც. არც ერთი გველი არ ერჩის ადამიანს, პირიქით, ერიდება, ცდილობს, რომ დაემალოს მას. გიურზა აგრესიულია? არა, ბატონო. ახლოს თუ მიხვედი ... იცით, ნებისმიერ გველს აქვს ე. წ. უსაფრთხოების მანძილი. თუ ახლოს მიხვალ და ამ ზღვარს გადაკვეთ, ის თვლის, რომ შენ ესხმი თავს და ამიტომ თავს იცავს. საერთოდ, მერწმუნეთ, არც გიურზა და არც ერთი სხვა გველი აგრესიული არ არის და ადამიანს არ დასდევს. უსაფრთხოების მეორე და ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ზომაა სოფლებში, აგარაკებზე, ნაკვეთებზე ბალახის გათიბვა. ზაფხულში მაღალი ბალახი გველების თავშესაფარია. არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ბალახი სოფელში იქნება თუ ვაკესა და საბურთალოზე. ამიტომ კორპუსების ეზოებში, მიმდებარე ტერიტორიაზე აუცილებელია ბალახის გათიბვა. სადაც მღრღნელები ჩნდება, იქ ადრე თუ გვიან აუცილებლად გაჩნდება გველიც. ამიტომ აუცილებელია სისუფთავის დაცვა, ნაგვის ბუნკერების დროული დაცლა, მღრღნელებთან ბრძოლა ... - დასავლეთ საქართველოში შხამიანი ჯიშებიდან კავკასიური გველგესლა შეიძლება შეგხვდეთ ბათუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფოთში და საერთოდ, კოლხეთის დაბლობის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. მთაში (განსაკუთრებით, რაჭაში) კი გვხვდება ველის გველგესლა. მართალია, ის დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს ადამიანისათვის, თუმცა ეს მაინც შხამიანი გველია და მისი ნაკბენი არც სასიამოვნოა და არც სასურველი. სხვა (უშხამო) გველებიდან გავრცელებულია ორი სახეობის ანკარა, რამდენიმე სახეობის მცურავი, კატისებრი გველი და სხვა. - მთაში გიურზას ვერ შეხვდებით, ხოლო იქ, სადაც გიურზა შეიძლება შეხვდეს ადამიანს, ამ უკანასკნელს ყოველთვის აქვს ოთხი, ხუთი, ათი საათიც, რომ საავადმყოფომდე მივიდეს. სადაც არ უნდა იყოთ, ვთქვათ, კახეთში, 2-3 საათში ჩამოაღწევთ თბილისამდე. გველი არის აბსოლუტურად ყრუ. ის ღიზიანდება ნაბიჯების გადადგმისას წამოსული ტალღებით.სურთზე კარგად ჩანს შხამიანი გველის ორი ძირითადი კბილი (რომელიც არ აქვს უშხამოს) და მათი კვალი კბენისას. სიმპტომები: ძლიერი ტკივიკი კბენის ადგულას, შეშუპება, ზოგადი სისუსტე, ჰიპოტენზია, თვბუსხვევა, გულისრევა, ყლაპვის და მეტყველების მოშლა, ჰემოლიზი, პათოლოგიური ძილი, ცნს ის პროგრესული მოდუნება.

Category: რჩევები ახალბედებს | Views: 1163 | Added by: misho | Tags: გველებიგან, თავის დაცვა | Rating: 0.1/136
Total comments: 0
avatar