10:42 AM ახმეტის ჯვარპატიოსნის ეკლესია | |
ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. დგას ჩოლოყაშვილების ციხე-დარბაზი ეზოში, მდინარე ორვილის მარცხენა ნაპირზე. კამარაში და კონქში ოთხ-ოთხი ქვევრი რეზონატორია ჩასმული. გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში თითო თაღოვანი სარკმელია, სარკმლების ქვემოთ თითო თაღოვანი ნიში. მსგავსი ორი სარკმელია დასავლეთ კედელში შესასვლელის ორივე მხარეს. ინტერიერი შელესილია. კედლების ქვედა ნაწილში ზეთის საღებავით გამოსახულია კვადრატული წყობის იმიტაცია. დარბაზში სამი საფლავია, ერთ-ერთში დაკრძალულია ერეკლე II-ის შვილიშვილი ლუარსაბ ჩოლოყაშვილი. ფასადები შელესილი და შეთეთრებულია. სამივე შესასვლელი ცასმულია ოდნავ შეღრმავებულ, სწორკუთხა არეში, რომელსაც ზემოდან საფეხურებად ნაწყობი აგურის ფრიზი აქვს. დასავლეთ კარის თავზე, მცირე თაღოვან ნიშში ჩადგმულ მარმარილოს ფილაზე ამოკვეთილია ათსტრიქონიანი მხედრული სამშენებლო წარწერა, რომელშიც მოხსენიებული არიან სახლთუხუცესი გრიგოლ ჩოლოყაშვილი, მისი მეუღლე (ქიზიყის მოურავის ასული) მარიამი და მათი შვილები გივი, ქაიხოსრო და აბელი. წარწერიდან ირკვევა, რომ გრიგოლს ციხე და ეკლესია აუგია 1755–1756 წელს. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე თითო შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. დასავლეთ კედელზე დაშენებულია ოთხ წრიულ სვეტზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღებით გახსნილი, გეგმით წრიული სამრეკლო, რომელიც თუნუქით შემოსილი კონუსური სახურავითაა დასრულებული. ეკლესიას ლეკალური აგურით ნაწყობი რთული პრიფილის მაღალი ლავგარდანი აქვს. გადახურულია ღარიანი კრამიტით. | |
|
Total comments: 0 | |