+1 (234) 234-2345
menu
person

10:51 AM
ნინოწმინდა

სოფელი საგარეჯოს რაიონში, გომბორის ქედის სამხრეთ მთისწინეთზე....ზღვის დონიდან 800 მ., საგარეჯოდან 2 კმ.. ნინოწმინდაში შემორჩენილია გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსი - ტაძარი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო (XVI ს.), მიტროპოლიტ საბა ტუსისშვილის ორსართულიანი სასახლე (1774-1777) და სხვა ნაგებობათა ნანგრევები, რომელიც შემორჩენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. ნინოწმინდაში. ნინოწმინდის ტაძარი VI საუკუნის საყურადღებო ძეგლია. დიდი გუმბათქვეშა სივრცის შესაქმნელად ცენტრალური კვადრატის კუთხეებში ოთხ აფსიდს შორის დიაგონალურ ღერძებზე თითო დამატებითი მცირე სადგომია ჩასმული. გარედან ტაძარი გეგმით ვარსკვლავისებრი ნაგებობა იყო, სიდიდის მიხედვით მონაცვლეობით განლაგებული ნახევარწრიული მოხაზულობის შვერილი აფსიდებით. მხოლოდ საკურთხევლის აფსიდს შუა ნაწილში, სადაც სარკმლებია გაჭრილი, აქვს წახნაგოვანი ფორმა. შენობა წარმოადგენდა ტეტრაკონქის განვითარებულ სახეს და ჯვრის ტიპის ძეგლთა უშუალო წინამორბედს. ტაძარი მრავალჯერ შეუკეთებიათ საფუძვლიანად (XI-XII სს., XVI ს.). საბოლოოდ დაინგრა 1824 და 1848 მიწისძვრის დროს. ნინოწმინდის სამრეკლო სიდიდით ერთ-ერთი პირველთაგანია საქართველოში. იგი XVI-XVIII საუკუნეების აგურის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. ქვემო სამ სართულში თითო კამაროვანი ოთახია ისრული სარკმლებით, ნიშებითა და ბუხრებით. მეოთხე სართული საკუთრივ სამრეკლოა - რვაბოძიანი თაღებით გახსნილია ფანჩატური. ფასადები დამუშავებულია აგურის წყობით გამოყვანილი და სიმეტრიულად განლაგებული ისრული თაღებით, რომბებით, ჯვრებით. მონასტერში მდიდარი წიგნთსაცავი ყოფილა, რასაც მოქმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები: მღვდელმთავრები - ათონის ლიტერატურული სკოლის მოღვაწე ექვთიმე მთაწმიდლის ახლო თანამშრომელი არსენ ნინოწმინდელი (X-XI სს.), მიტროფანე ნინოწმინდელი, იოანე ნინოწმინდელი (XVIIIს.), საბა ტუსისშვილი და სხვა.

საბა (გვარად ტუსისშვილი), ნინოწმინდის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით დაახლ. 1744-88. ერეკლე II-თან დაახლოებული პირი. ატარებდა "ათორმეტ უდაბნოთა" არქიმანდრიტის წოდებას. იყო მეფის პირადი წარმომადგენელი დოდოს რქის (1760-მდე), იოანე ნათლისმცემლის (1760-იდან), დავითგარეჯის (1769-იდან) მონასტრებში. საბა ტუსისშვილის ნაშრომში "ანდერძისებრნი ღუწანი" ასახულია საქართველოს ეკონომიკის, ეკლესიის, სამართლის, ხელოვნების და მატერიალური კულტურის მდგომარეობა XVIII ს-ში საბა ტუსისშვილი დიდ სამშენებლო მუშაობას ეწეოდა. შეაკეთა და განაახლა ნინოწმინდის საკათედრო ტაძარი, ააგო სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ტაძარს დაუბრუნა დაკარგული ყმა-მამული. საეპისკოპოსო ტაძრია გალავანში დღესაც დგას საბას ორსართულიანი სასახლე; 1774-77 წწ. შორის აგებული შენობა გეგმით ძველ ქართულ ანფილადურ სასახლეებს ენათესავება, მაგრამ ძაღინის და სხვ. სასახლეთაგან განსხვავებით თითქმის სრულიად თავისუფალია სპარსული გავლენისაგან. აქ უკვე ევროპული არქიტექტურის ფორმების შემოჟონვა შეინიშნება, რაც მას ქართული არქიტექტურის განვითარების უფრო გვინადელ ხანასთან (XIX ს.) აკავშირებს.

Category: საგარეჯო | Views: 1057 | Added by: misho | Rating: 3.8/78
Total comments: 0
avatar