+1 (234) 234-2345
menu
person

12:19 PM
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

საქართველოში არსებულ სახლ-მუზეუმებს შორის წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ღირებულია მემორიალური მასალის სიუხვით. ისინი დამთვალიერებელს აახლოებს პოეტის ცხოვრებასთან, ამცნობს მის გემოვნება-შეხედულებებს, ხასიათს, ესთეტიკურ მიდრეკილებას, უჩვენებს პოეტი-მხედრის მიერ განვლილ საბრძოლო გზას. მუზეუმი მოგვითხრობს არა მხოლოდ ჭავჭავაძეების შესანიშნავი ოჯახის ისტორიაზე, არამედ ასახავს ეპოქის სულს.
სახლ-მუზეუმი დაარსდა XX საუკუნის 50-იან წლებში, საუცხოო, მომაჯადოებელი ბუნების წალკოტში გადაშლილი მამულის ტერიტორიაზე, რომლის მფლობელი, სახელოვანი ქართველი პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786-1846) იყო.
ჭავჭავაძეების ოჯახი სამაგალითო იყო XIX საუკუნის საქართველოში. ეს იყო ჭეშმარიტ ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი, ყოველმხრივ განათლებული, ინტელექტუალური ოჯახი, რომელთაც წარუშლელი კვალი დაამჩნიეს XIX საუკუნის ქართული საზოგადოების ცხოვრებას. ჭავჭავაძეების ოჯახში თავს იყრიდა იმდროინდელი პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების დიდი ნაწილი. ეს ოჯახი იყო პირველი მასპინძელი ევროპიდან თუ რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული გამჭრიახი გონების ადამიანებისა.
“უკვდავებაში გადასულთა ნაღვლიანი და უძვირფასესი ისტორია” სათავეს იღებს გარსევან ჭავჭავაძისაგან (1757-1811). “წინანდლის სასახლე აგებულია გარსევან ჭავჭავაძის მიერ. რბილი ავეჯით, სურათებით, გობელენით, სევრის ვაზებით, ვერცხლისა და ოქროს სერვიზით, დიდი ბიბლიოთეკა.ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლემ რამდენიმეჯერ განიცადა სახეცვლილება: ცნობილია, რომ ალექსანდრეს პირვანდელი სასახლე მოიცავდა 28 საძინებელსა და რამდენიმე სალონს. სასახლე ფართე აივნებით იყო გარშემორტყმული. მისი შიდა ინტერიერი ევროპულ სტილზე იყო მოწყობილი, რაც იმ დროისათვის უდიდეს იშვიათობას წარმოადგენდა. 1854 წლის შამილის რაზმების შემოსევის შემდეგ სასახლე გადაიწვა და გაიქურდა.  ალექსანდრეს ვაჟმა, დავითმა, შეძლებისდაგვარად მოახერხა სასახლის აღდგენა, მაგრამ ის მასშტაბებში საგრძნობლად შემცირდა. 1886 წლიდან, როცა სასახლე საიმპერატორო საუფლისწულო მამულების მფლობელობაში გადავიდა, სასახლეში დიდი რეკონსტრუქცია დაიწყო. არქიტექტურულ სამუშაოებს ცნობილი არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვი ხელმძღვანელობდა. (მას არაერთი შენობა აქვს შენებული თბილისში: ღვინის პირველი ქარხანა მელიქიშვილის ქუჩაზე; თეატრალური ინსტიტუტის შენობა რუსთაველის გამზირზე და სხვა.) წინანდლის სასახლე რუსეთის საიმპერატორო ოჯახის საზაფხულო რეზიდენციად უნდა გადაკეთებულიყო. მნიშვნელოვანია, რომ ალექსანდრე ოზეროვმა შენობის გენერალური რეკონსტრუქციისას ალექსანდრესეული სასახლის კედელი ჩართო.
გასაბჭოების შემდეგ წინანდლის მამულები საბჭოთა ხელისუფლების ხელში გადავიდა და ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლეში ღვინის ქარხნის სასტუმრო განთავსდა. 1946 წლის 1 აგვისტოს კი გიორგი ლეონიძის თაოსნობით შენობაში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი გაიხსნა. 1983 წლისათვის მუზეუმმა კიდევ ერთი რეკონსტრუქცია განიცადა, შედეგად შენობამ ახალი საბჭოთა სტილის ელფერი შეიძინა. 2007 წელს მუზეუმში მოხდა კაპიტალური რეკონსტრუქცია, შენობა გათავისუფლდა საბჭოთა დროის ჩანართებისაგან, მიუახლოვდა ოზეროვის დროინდელ სასახლეს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ალექსანდრესეული აუთენტური კედლების ხილვა.
წინანდლის ბაღი დღეს 12 ჰექტარზეა გადაჭიმული, თუმცა ალექსანდრეს დროს იგი გაცილებით დიდ ფართობს მოიცავდა. გადმოცემით ალექსანდრემ ევროპელი დეკორატორები მოიწვია და ენერგიასა და ფულს არ ზოგავდა მის გასამშვენიერებლად.
პარკი უნიკალურად ითვლება არა მხოლოდ მრავალფეროვანი დასავლური, აღმოსავლური და ამერიკული წარმოშობის ეგზოტიკური ჯიშების მცენარეთა სიმრავლის გამო, (ურთხელი, Ginkgo Biloba, იაპონური კრიპტომერია, მაგნოლია, Maclura Pomifera და სხვა.) არამედ, თავად პარკის დაგეგმარების თვალსაზრისითაც.
წინანდლის ბაღის თავისებურებას ქმნის არა მხოლოდ ადამიანის ხელთქმნილ გარემოში სივრცის წინასწარ გათვლილი წყობა და განლაგება როგორც, მაგალითად, ვერსალის ბაღია, არამედ უფრო ველური ბუნებრიობის და დეკორატორის მიერ შექმნილი ლანდშაფტების ორგანული სინთეზი. ანუ, ევროპული პარკებისგან განსხვავებით, წინანდლის ბაღი უფრო თავისუფალი დაგეგმარების პრინციპითაა შექმნილი. ზოგიერთი სპეციალისტი მას ინგლისურ პარკებს ადარებს, როგორიცაა რიჩმონდის პარკი, პარკი კიუ და სხვა.

ალექსანდრე ჭავჭავაძემ XIX საუკუნის 30–იან წლებში წინანდალში გამართა ღვინის საცავი, სადაც თავისივე წარმოებულ ღვინოებთან ერთად უნიკალური ევროპული ღვინის კოლექცია შეაგროვა. ამ საცავის ღრებულებას წარმოადგენს მასში არსებული კლიმატისა და ტენიანობის იდეალური პირობები ღვნის დაძველებისა და შენახვისათვის. XIX საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს (1888 წ) წინანდლის მამულის საუფლისწულო მამულების საკუთრებაში გადასვლის შემდეგ აქვე დიდი ღვინის ქარხანა აშენდა და აღნიშნული საცავი საგრძნობლად გაიზარდა. დღესდღეობით ღვინის საცავში დაცული კოლექცია 16 500–მდე ბოთლს მოიცავს. მათ შორის ინახება 1814 წლის „პოლონური თაფლისა“ და 1861 წლის Chateau D’Yquem–ის უნიკალური ბოთლები. კოლექციაში ასევე ინახება 1841 წელს ალექსანდრეს მიერ ბოთლში პირველად ჩამოსხმული ღვინო „საფერავი“.

Category: თელავი | Views: 1353 | Added by: misho | Tags: ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი | Rating: 3.6/94
Total comments: 0
avatar